„მოგესალმებით თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო. მივესალმები პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო გუნდს. მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, მივესალმები საპატრიარქოსა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლებს. ამ ტრიბუნიდან, მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური მედალი მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ხალხის ძალას“ განსაკუთრებული განცდა აქვს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მინდა გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის ბოლოს აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ“.
ნათელია, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია მშვიდობის გარეშე და დღეს შედარებით ადვილია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. 4 წლის წინ, ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა. სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას, საზოგადოება მოამარაგა სიმართლით და ყველამ ერთად გამოვიყვანეთ ჩვენი ქვეყანა ამ სარისკო ვითარებიდან.
ალბათ გახსოვთ, რომ პოლიტიკა მთლიანად კულისებში ჩაიკეტა და საჯარო პოლიტიკა რეალობას ასცდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე იყო. ზეწოლა მოდიოდა სხვადსხვა მხრიდან, იმისთვის, რომ საქართველოს დაკვეთილი პოლიტიკა გაეტარებინა. ეს კი მიგვიყვანდა იქამდე, რომ გავიზიარებდით ბედს, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინას ერგო. სანქციები, რა თქმა უნდა, გახლდათ გზა ომისკენ, დესტრუქციისა და საქართველოს სასიცოცხლო რისკების გაზრდისკენ. გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ.
წარმოიდგინეთ სამეზობლო, ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ რომ იარაღი გაგვეგზავნა, რა თქმა უნდა, ეს შედეგად მოიტანდა რუსეთის მხრიდან მყისიერ სამხედრო დარტყმას საქართველოზე. ამაში ჩართული იყო NGO სექტორი, მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე მეტად აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს ომისკენ ექაჩებოდა და სურდა ცხელი ბომბების ცვენის დანახვა საკუთარ სამშობლოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამშობლოს საკუთარ ქვეყნად არ აღიქვამენ, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ დაკვეთის შესრულებაა. ოპოზიციისგან ჩვენ გვესმოდა, რომ „დიახ ომი გვინდა“ – ეს ნარატივი იყო მათი ძირითადი ხაზი. ამ საყოველთაო სიგიჟეში გვიწევდა ცხოვრება. ყოველდღიურად ვისმენდით ამას. მიტინგზეც, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციებზე დაიწყეს სპეკულირება და სცადეს, რომ თავად ახალგაზრდებს, ქართულ საზოგადოებას მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ისევ ჩვენს ხალხს ავნებდა. ალბათ გახსოვთ, რიგრიგობით რომ ჩამოდიოდნენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი საგარეო პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლები და სარგებლობდნენ ქართველების ემოციებით. ახალგაზრდებს ტაშს აკვრევინებდნენ იმაზე, რომ საქართველო ომის გზას გაყოლოდა. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, მიზნად ჰქონდათ, ემოქმედათ ქართველი ხალხის ემოციებსა და ბედზე. ჩვენ შევძელით ამ სიგიჟიდან გამოსვლა.
ყველაფერს რუსულს არქმევდნენ. სუვერენიტეტის დაცვა თურმე რუსული ყოფილა, მშვიდობაზე ზრუნვა თურმე რუსული ყოფილა, გამჭვირვალობა თურმე რუსული ყოფილა და გაუმჭვირვალობა თურმე ის არის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. შავი ფულის ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, მტკივნეულად აღიქვეს, თუმცა, მათი ტკივილი ჯობია საქართველოსა და საზოგადოების იმ ტკივილს, რომელიც, დიდწილად, გამოუსწორებელი იქნებოდა.
დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და საერთო ღირებულებებზე საუბარი ხშირად ფასადურია და საკუთარი ინტერესების შენიღბვას ემსახურება. ამის მიუხედავად, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა სურდეს ვინმეს საქართველოს ჩართვა იმ ომში, რომელშიც ის თავიდანვე განადგურებისთვისაა განწირული? სწორედ ამ რიტორიკულ კითხვას გვისვამენ ისინი, ვინც ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ ვიგონებდით და დღესაც ვიგონებთ, გვეჩვენებოდა და დღესაც გვეჩვენება, რომ მეგობარ დასავლეთში ვინმეს ჩვენი ომში ჩართვა უნდა. ეს, სხვათაშორის, არა მხოლოდ საქართველოს „ეჩვენებოდა“ და „ესიზმრებოდა“, არამედ „მოეჩვენა“ თურქეთსაც, როცა მისი პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდნენ და ღიად თქვეს, რომ თურქეთს ექაჩებოდნენ ომში.
ასეთი მოჩვენებები ჰქონდა თურმე სლოვაკეთს, უნგრეთს და ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს ინტენსიურად, სწორედ ასეთი მოჩვენებების გამო იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.
იმის თვალსაჩინოებისათვის, თუ რამდენად ცინიკური შეიძლება იყოს საერთაშორისო პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე ციტატას მოვიყვან: ლოიდ ოსტინი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი – „უკრაინელები ჩვენთვის ომობენ, ისინი იცავენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს ამ ბრძოლაში პირდაპირი ჩართვა“; ენტონი ბლინკენი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი – „რეალობა ისაა, რომ უკრაინა ჩვენთვის იბრძვის, ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვის, ის ჩვენთვის იბრძვის. თუ დავაკვირდებით იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის მთავრობისათვის, ჩვენს მიერ დახმარებისათვის გაწეული დახმარების 90 % რეალურად იხარჯება აქ, აშშ-ში, ჩვენ მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი სამუშაო ადგილი და მეტი ზრდა ჩვენივე ეკონომიკისათვის“; ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი – „უკრაინა გვიგებს დროს თავისი სისხლით, თავისი სიცოცხლეებით. ყველაფრით, რაც გააჩნია. რამდენ დროს შეიძლება გვიყიდონ, არ ვიცი. იმედი გვაქვს ისინი შეძლებენ გამარჯვებას, მაგრამ თუ ვერ შეძლებენ, მაშინ მოგვიწევს საკუთარ თავს ვკითხოთ, გამოვიყენეთ თუ არა ეფექტიანად ის დრო, რომელიც მათ იყიდეს“. ლანდსბერგისმა ეს სიტყვები, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, 2024 წლის იანვარში წარმოსთქვა, თითქმის, იმავე პერიოდში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა და აქ მიტინგზე გამოვიდა თავისი ანტიქართული მოწოდებებით; ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი – „უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენს ნაცვლად.“
რომ არ ჩავყვე თითოეულ განცხადებას, რომელიც, რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს არა მხოლოდ უკრაინისთვის, რის შედეგიც სახეზეა, უმძიმესი მდგომარეობაა და საქართველოც შესაძლოა ამ ბედის მოზიარე ყოფილიყო. ტვირთი, სიმძიმე და რისკები იქნებოდა გამორჩეულად მეტი, რადგან ყველანაირი რესურსი საქართველოს გამორჩეული აქვს, ვიდრე უკრაინას.
და ბოლოს, მივედით სადამდე – საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, მაგრამ თურმე ევროპა რუსეთთან ერთად აპირებს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას და ეს მაშინ, როცა ჩვენთან გამჭვირვალობა, სუვერენიტეტზე ზრუნვა, მშვიდობაზე ზრუნვა ყოფილა რუსული. ეს რა თქმა უნდა, იყო სახიფათო, სახიფათოა დღესაც და ამიტომ, „ხალხის ძალა“ ყოველთვის მზადაა, როცა კი საჭირო გახდება, ნებისმიერი წინა ხაზი დაიკავოს სამშობლოსათვის და საზოგადოებისათვის, მათი უსაფრთხოების დასაცავად. რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ვერ შევძლებდით ამას, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა რომ არ განეხორციელებინა.
ჩვენ დღეს ვართ ოპოზიციაში, ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია. ძალიან ბევრ საკითხში ზოგჯერ ვაჩვენებთ განსხვავებულ აზრს, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც. ამას თავად საზოგადოებაც ნახავს. მაგრამ, როცა ქვეყნის ინტერესებზე, მშვიდობაზეა, ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზეა საუბარი, მაშინ, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად და ზოგჯერ ხელისუფლებაზე წინ, შესაძლოა მათი დამცველებიც კი აღმოვჩნდეთ, იმიტომ, რომ ეს არის სამშობლოს ინტერესი და არა ვინმეს პარტიული, ან რომელიმე NGO-ს უფრო მეტი ფულის ინტერესი, ან ის, რომ საქართველომ იცხოვროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებულმა.
რა თქმა უნდა, საქართველო იქნება მშვიდობიანი, საქართველომ იქნება წარმატებული და დღეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს ერთად დავძლევთ“.



