ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანები ჩვენმა მოძრაობამ წარმატებით შეასრულა და დღეს საზოგადოება ბევრად უკეთ არის ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება. თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ სრულად არ არის განეიტრალებული, რაც ჩვენს განსაკუთრებულ სიფხიზლესა და ყურადღებას მოითხოვს.
ღრმად გვწამს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს მშვიდობა, რაც საქართველოსთვის სტაბილური განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. საზოგადოებისთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაიცვას ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რომლებიც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
მიგვაჩნია, რომ ამისთვის უმთავრესია, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ქართული და საერთაშორისო პოლიტიკის კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალამ ჩვენი ქვეყანა საფრთხეებისგან დაიცვას.
საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“ დავაფუძნეთ რამდენიმე პარლამენტარმა. თუმცა, მოძრაობის შემადგენლობა მალევე გაფართოვდა და პირველივე ეტაპზე, მას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან.
დღეს საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ მოძრაობის კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც წარმოდგენილი არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ექსპერტული წრეების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში, ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი.
გარდა ამისა, საზოგადოებრივ მოძრაობას შემოუერთდებიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი. თითოეული მათგანი ძალზე ღირებული შენაძენია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვრილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მის სტაბილურ განვითარებას უკავშირდება.
საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ძალზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოძრაობის რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით.
დასასრულს, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოსტივის“ წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს, სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში, საქართველოს წარმატების უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება.



